ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ისტორია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, თავის ეკონომიკურ–გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უძველესი დროიდან ჩანს დასახლებული (ურთის მეზოლითური სადგომი, ოდიშის ნეოლითური სადგომი და სხვ.). არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ ზღვისპირა ჭაობები უახლოეს გეოლოგიურ წარსულშია გაჩენილი. ჩანს, რომ კოლხური კულტურის აყვავების ხანაში ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე–მესამე ათასწლეულებში ჭაობები საგრძნობლად ნაკლები იყო, ამ პერიოდში კოლხები ძირითადად მოსახლეობდნენ ხელოვნურად მიწაყრილ ბორცვებზე (ე.წ. ,,დიხაგუძუბებზე’’), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ ტიპის ნამოსახლარებია–ანაკლიის (,,ანაკლია I ‘’ და ,,ანაკლია II‘’), ორულუს (,,პერტიებისა’’ და ,,წურწუმიების’’), ერგეტის (30–ზე მეტი), დიდინეძის, ,,ცაცხვის’’, ,,კიროვის’’ (სოფ. დარჩელი) და ა.შ. დიხაგუძუბები, რომლებზეც დადასტურებულია (ლოკალური ქრონოლოგიური სხვაობით) კულტურული ფენები, ადრებრინჯაოს ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეული) ანტიკური პერიოდის (ძვ. წ. VI – ახ. წ. IV ს.ს.) ჩათვლით.
ასევე, აღსანიშნავია ცაიშისა და ერგეტის (ოთხი სამაროვანი) წარმართული პანთეონი (ძვ. წ. X-II ს.ს.), სადაც წარმოდგენილია ძლიერი ეთნოკულტურული მითორიტუალები.
ელინისტურ პერიოდში თანამედროვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა სვანეთიდან, მდ. ენგურის დინების პარალელურად, შავი ზღვის მიმართულებით და აქედან ხდებოდა სავაჭრო საქონლის ტრანსპორტირება ელინურ სამყაროში (ამ სავაჭრო გზის განვითარების პირდაპირი დასტური უნდა იყოს სოფ. რიყის ანტიკური ნეკროპოლი, სოციალურად დაწინაურებული საზოგადოების წევრების სამარხებით), რაც ნუმიზმატიკური მასალებითაც დასტურდება.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე აფხაზეთი და ენგურისპირეთის სამეგრელო იმერეთს უკავშირდებოდა ე.წ. ,,შუა სამეგრელოს გზით“. ეს გზა ბედიის გავლით მიუყვებოდა მთისძირა ზოლს და სოფ. დიხაზურგასთან გადმოკვეთდა მდ. ენგურს, შემდეგ პირდაპირ მიემართებოდა სოფ. ჭაქვინჯისაკენ თანამედროვე ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების გავლით უშუალოდ ხონის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდი ძველი საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. მის ეტიმოლოგიას არაერთი მეცნიერ–მკვლევარი შეეხო, მათი უმრავლესობის ვარაუდით ზუგდიდი//ზურგდიდი//ზუგიდი–მეგრულად დიდ ბორცვს ნიშნავს. ასე ეწოდებოდა ბორცვს, რომელიც მოგვიანებით მანცხვარკარიშ სუკიად (მაცხოვრის კარის გორაკად) იწოდებოდა, რომლის სახელი შემდეგ მიიღო აქვე გაშენებულმა ქალაქმა.
წერილობით წყაროებში, ზუგდიდს პირველად ნარატიკოსი ბერი ეგნატაშვილი 1572 წელს გურიის მთავარ მამია გურიელსა და სამეგრელოს მთავარ გიორგი III შორის გამართულ ბრძოლასთან დაკავშირებით მოიხსენიებს.
XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ზუგდიდი თავის სატახტო ქალაქად აქცია.
ლევან II დადიანის ზეობის ხანაში (1634–1657 წ.წ.) ოდიშის სამთავრო დასავლეთ საქართველოს სამეფო–სამთავროებს შორის უძლიერესი იყო. ზუგდიდი კი, როგორც ამ სამთავროს სატახტო, საკმაოდ მნიშვნელოვან ქალაქად გადაიქცა.
ზუგდიდში ვაჭრობის განვითარების მიზნით 1636 წელს ლევან II დადიანმა დატყვევებული იმერეთის მეფე გიორგის გამოსახსნელში მიღებული ჩხარელი სომეხი და ებრაელი ვაჭრები გადმოასახლა. ,,ავყარეთ ქალაქი ჩხარისა, მოვასხით ზუგდიდს და დავასახლეთ ადგილსა რუხისასა’’. რუხი ზუგდიდის ნაწილად განიხილებოდა, ამიტომაც სწორედ ამ დროს უნდა დაწყებულიყო რუხის ციხის მშენებლობა, რომლის უმთავრესი მიზანი საკუთრივ ქალაქის დაცვა იყო.
ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1657) ზუგდიდში გადმოსახლებული ვაჭრები იმერეთის მეფე ალექსანდრემ უკლებლივ ჩხარში დააბრუნა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია ზუგდიდის სავაჭრო რენტაბელობა. უფრო მეტიც მთელი XVII საუკუნის მეორე ნახევარი და XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი დასავლეთ საქართველო განუწყვეტელ შინაფეოდალური ომებისა და ოსმალთა თარეშის ასპარაეზად გადაიქცა, არაერთგზის გაიძარცვა საკუთრივ ზუგდიდი.
1662 წელს ოდიშის მთავარ ვამეყ მესამეზე განრისხებულმა ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთემ (1658–1675 წ.წ.) სამეგრელო დალაშქრა და რუხის ციხე აიღო. ამან კიდევ უფრო დაასუსტა ოდიშის სამთავრო.
XVII საუკუნის 70–იან წლებში გახშირდა აფხაზთა თავდასხმები სამეგრელოზე და განსაკუთრებით ზუგდიდზე, მათი მარბიელი რაზმები მიწასთან ასწორებდნენ ყველაფერს, ძარცვავდნენ ტაძრებს, მთლიანად ანადგურებდნენ ჭირნახულს.
ანალოგიურად XVII საუკუნის დასასრულიდან მთელი XVIII საუკუნის ჩათვლით ზუგდიდი და მისი შემოგარენი თურქთა პერმანენტული თარეშის მსხვერპლი იყო, რომლის დროსაც ,,ტყვეთა სყიდვამ’’ არნახულ მასშტაბს მიაღწია.
1779 წლის მიწურულს, აფხაზთა და თურქთა გაერთიანებული ლაშქარი ზურაბ შარვაშიძეს მეთაურობით სამეგრელოში შემოიჭრა. სამეგრელოს მთავარმა კაცია II დადიანმა იმერეთის მეფე სოლომონს დახმარება სთხოვა. იმერთა ყველა სადროშოს ჯარები ბანძაში შეიკრიბა და ლაშქარს თავად სოლომონ მეფე ჩაუდგა სათავეში. მტრის ლაშქარმა, სადაც 12 000 მეომარი იყო სამ დასად გაყოფილმა გადმოლახა მდ. ენგური და შეება იმერთა და მეგრელთა გაერთიანებულ ლაშქარს.
გადამწყვეტი ბრძოლა რუხის ციხესთან, სარალობეგის ველზე მოხდა. მტრის ჯარი სასტიკად დამარცხდა და დასავლეთ საქართველო გადაურჩა მორიგ გამანდგურებელ შემოსევას, ურთის მთას შეხიზნული მოსახლეობა საკუთარ სახლ–კარს დაუბრუნდა. ეს იყო აფხაზ ფეოდალთა უკანასკნელი ლაშქრობა თავიანთი ხელმწიფის–სამეგრელოს მთავრის წინააღმდეგ.
1803 წელს სამეგრელოს სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა და თავად რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომ ავტონომიურ სამთავროს წარმოადგენდა, ზუგდიდი კი მის სატახტო ქალაქად რჩებოდა.
1840 წელს სამეგრელოს სამთავროს მართვა მთავარმა ლევან V თავის ძეს, ტახტის მემკვიდრე დავით დადიანს ჩააბარა. სწორედ ამ დროს განხორციელდა ოდიშ–ლეჩხუმის სამთავროს პირველი ადმინისტრაციული დაყოფა, მან სამთავრო 8 მაზრად (მაზრას მდივანბეგი ხელმძღვანელობდა) დაყო . ზუგდიდის მაზრაში შედიოდა შემდეგი სოფლები: ზუგდიდი, ცაიში, ხობი, ნოჯიხევი, ბია, ხორგა, აბასთუმანი, ლედგებე (თანამედროვე ოდიში), კორცხელი, ახალდაბა, ყულიშკარი, ხიბულა, კირცხი, ოჩხომური, ჭაქვინჯი, შამგონა, დიდი–კოკი, კახათი, დარჩელი, ჭითა–წყარი, განარჯიის მუხური, ორსანტია, პატარა კოკი, ანაკლია.
ზუგდიდი გარდა იმისა, რომ სამთავროს სატახტო იყო, სამაზრო ცენტრსაც წარმოადგენდა. ამ დროიდან იწყება ზუგდიდის აღორძინება და გაქალაქება, ის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა მომრავლებული ვაჭრებისა და ხელოსნების დუქნებით დამშვენებული. საფუძველი ჩაეყარა აგრეთვე მრეწველობას,. 1848 წელს გრაფ როზმორდიუკმა (საფრანგეთის თბილისელი კონსულის შვილი) და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დაარსეს მეაბრეშუმეობის გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელმაც 1863 წლამდე იარსება.
როზმორდიუკმა ფაბრიკის აღსაჭურვად ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო დანადგარები საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ამასთან ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალი (მარი და სიუზეტი), რომლებმაც თავიანთი ხელობა ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. პირველსავე წელს დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3250 მანეთად. 1852 წელს, მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმსახვევი საწარმოს პროდუქტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1850 წელს დაარსდა არყის სახდელი ქარხანა, დაახლოებით ამ პერიოდში ასევე აგურის მწარმოებელი ქარხანა.
ზუგდიდი ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრსაც წარმოადგენდა. მთელს საქართველოში განთქმული იყო ზუგდიდელ ოქრომჭედელთა, მეუნაგირეთა და სხვა საქმის ხელოსანთა ნამუშევრები. 1845 წლის მონაცემებით ზუგდიდში ცხოვრობდა 55 ხელოსანი.
აღსანიშნავია, რომ 1840 წელს ზუგდიდში ცხოვრობდა 120 ადგილობრივი, 15 ბერძენი და 20 თურქი ვაჭარი. საშინაო ვაჭრობის საშუალო წლიური ბრუნვა ზუგდიდში 1856 წელს 630.000 მანეთს შეადგენდა.
სამწუხაროდ ეკონომიკურ აღმავლობას დიდი დაღი დაასვა ომერ ფაშას სარდლობით შემოსულმა თურქთა ჯარმა, რომელმაც 1855 წელს ქ. ზუგდიდი დაიკავა, ქართულმა მილიციამ მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და აიძულა თურქები უკან დაეხიათ, თურქთა ზუგდიდში მდგარი რაზმის სარდლის ისკანდერ ფაშას ბრძანებით ცეცხლს მისცეს მთელი ქალაქი, გადაწვეს დადიანების სასახლეები (მათ შორის საწალკოტე სასახლე და ჯვარედინა სასახლე), აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა (თუმცა როზმორდიუკმა თურქთა ჯარების მთავარსარსალს ამაზე სტამბოლში საფრანგეთის ელჩთან უჩივლა და აიძულა ოსმალეთის მთავრობა 15.000 მანეთი გადაეხადა კომპესაციის სახით), არყის სახდელი ქარხანა, აგურის ქარხანა, ასევე აჩეხეს სამთავრო სასახლის ბაღი, რომელიც აქ XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნიდან არსებობდა. თურქთა განდევნის შემდეგ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის დიდი ძალისხმევით ზუგდიდი მალე კვლავ აშენდა და დამშვენდა.
1867 წელს სამეგრელოს სამთავრო, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გაუქმდა და დასავლეთ საქართველო ქუთაისის გუბერნიაში გაერთიანდა, სადაც შეიქმნა რამოდენიმე მაზრა, მათ შორის იყო ზუგდიდის (ცენტრი–ზუგდიდი). ზუგდიდი სამაზრო ქალაქი გახდა, მაგრამ ოფიციალურად დაბად იწოდებოდა. 1867 წელს დაიწყო ინდო–ევროპული ტელეგრაფის მშენებლობა, 1870 წელს გადაიცა პირველი ტელეგრამები. აღსანიშნავია, რომ ტელეგრამის ხაზი იწყებოდა ლონდონში და ბერლინის, ვარშავის, ოდესის, ქერჩის სრუტის გავლით უკავშირდებოდა ეკატერინოდარს, საიდანაც სოხუმის, ზუგდიდის, სურამის უღელტეხილის, გორის, თბილისის, დილიჟანის, ერევნის, ნახიჩევანის, ჯულფას, თავრიზის, თეირანის გზით ჩადიოდა ინდოეთამდე. ევროპული ტელეგრაფის ხაზის მშენებლობის ხელმძღვანელი სამეგრელოში და ამ ხაზის კონტროლიორი ზუგდიდში იყო ავგუსტ ბაუმერტი (1921 წელს მას ხის სახაზინო სახლი გამოუყვეს ზუგდიდში კორცხელის (თანამედროვე წერეთლის ქუჩა) ქუჩაზე). XIX საუკუნის მიწურულისთვის ზუგდიდი მსხვილ დაბად გადაიქცა, მაგრამ მისი ეკონომიკური ცხოვრების მთავარ ძარღვს მაინც ვაჭრობა და ხელოსნობა წარმოადგენდა. ერთადერთი საწარმო, რომელიც ამ დროს ფუნქციონირებდა იყო გერმანელი მეწარმის პროცერის სპირტსახდელი ქარხანა სოფელ ნარაზენში. ზუგდიდი ქალაქად პირობითად იწოდებოდა, ჯერ კიდევ 1806 წლის 31 მაისს სამეგრელოს დედოფალ ნინოსადმი ბოძებულ სიგელში (რესკრიპტში) რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I (1801–1825 წ.წ.) გამოთქვა სურვილი დადიანების სასახლეებთან ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აეშენებინათ (ამისთვის იმპერატორმა 2000 ჩერვონეცი გამოყო) და მის გარშემო დასახლების გაჩენის შემდეგ დაეარსებინათ ქალაქი, რომელსაც გრიგოლ დადიანის პატივსაცემად გრიგოლიოპოლი დაერქმეოდა, მართალია ზოგჯერ საბუთებში ზუგდიდი ბერძნულენოვანი სახელით–გრიგოლიოპოლისით მოიხსენიება, მაგრამ ეს სახელი საზოგადოდ მაინც ვერ დამკვიდრდდა. შემდგომში მიუხედავად ზუგდიდელების არაერთი ცდისა (განსაკუთრებით ,,მოქალაქენი’’ ანუ ვაჭარ–ხელოსნები აქტიურობდნენ), მან ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1917 წელს, თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ის ქალაქად დავით დადიანის ზეობის ხანაშიც იწოდებოდა. მის სათავეში იდგა ქალაქის გამგე, რომელიც ქალაქთუხუცესს ემორჩილებოდა. XIX საუკუნის შუა ხანებიდან მაინც ზუგდიდი პირობითად ორ ნაწილად იყოფოდა–ქალაქად და სოფლად. ქალაქი შედგებოდა მდ. ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მთავრის სასახლეების სამხრეთით ჩამწკრივებულ დარაბებიანი დუქნებისა და სახელოსნოებისგან.
1905 წლის რევოლუციის ქარცეცხლი მთელს რუსეთის იმპერიაში მძვინვარებდა, ქ. ზუგდიდში რევოლუციონერებმა თვენახევრის განმავლობაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს და ეს ხანა იმთავითვე მოინათლა ,,ზუგდიდის რესპუბლიკის’’ სახელით, რომლის მეთაურთა შორის იყო ლეო შენგელია, შემდგომში სახელოვანი მწერალი ლეო ქიაჩელი. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ზუგდიდელები დიდი ზეიმით შეხვდნენ. ამის შესახებ ცნობები იმ დროინდელ გაზეთებშია დაცული. ამ დროს საქართველოში ბოლშევიკებმა რამდენიმე მაზრაში მოაწყვეს ამბოხი, მათ შორის ზუგდიდშიც. 1918 წლის დამდეგს ბოლშევიკებმა ზუგდიდის მაზრაში ჩამოაყალიბეს შეიარაღებული რაზმები, რომელშიც 900–მდე მებრძოლი იყო გაერთიანებული. მათ სამი თვის განმავლობაში ზუგდიდი ალყაში ყავდათ მოქცეული.
1918 წლის სექტემბრის დამდეგს სამთავრობო ჯარებმა, რომელთაც გენერალი ი. გედევანიშვილი სარდლობდა, სასტიკად დაამარცხეს ბოლშევიკები, მათი თავკაცი აკაკი ოჩიგავა კი დახვრიტეს, სხვა აქტივისტების უმრავლესობა დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, ზუგდიდი პოლიტიკურ პარტიათა შორის ჭიდილის ერთ–ერთ მთავარ ასპარეზად რჩებოდა. სოციალ–დემოკრატებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური პარტიული სკოლა, რომელიც მოსახლეობაში აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდა. ჯერ კიდევ 1917 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ზუგდიდის თვითმმართველობის (ქალაქის ხმოსნები) არჩევნები, სადაც სოციალ–დემოკრატებმა 735 ხმა მიიღეს და 10 ადგილი ერგოთ, სოციალ–ფედერალისტებმა 370 (5 ადგილი). საინტერესოა, რომ სოციალ–დემოკრატებს ხმა ძირითადად მუშებმა, ხელოსნებმა და ნოქრებმა მისცეს, ეროვნულ–დემოკრატებს ვაჭრებმა და საშუალო მეწარმეებმა, ხოლო სოციალ–ფედერალისტებს ინტელიგენციამ და მოხელეებმა. 1918 წლის დეკემბერში შედგა ზუგდიდის მაზრის საერობო არჩევნები. სოციალ–დემოკრატები და სოციალ–ფედერალისტები ერთიანი სიით იყრიდნენ კენჭს, ეროვნულ–დემოკრატები და სოციალ–რევოლუციონერები (ესერები) კი დამოუკიდებლად. 65723 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21995 ხმოსანმა (მესამედმა). სოციალ–დემოკრატებმა და სოციალ–ფედერალისტებმა საერობოში გაიყვანეს 17, ესერებმა 12, ეროვნულ–დემოკრატებმა კი 10 ხმოსანი. 1920 წლის 25 იანვარს გაიმართა ზუგდიდის სამაზრო ერობის ხელახალი არჩევნები. სოციალ–დემოკრატებმა მიიღეს 16 ადგილი, ესერებმა 9, ეროვნულ–დემოკრატებმა 5 და ფედერალისტებმა 2. ერობის თავმჯდომარედ ისევ ლეო შენგელაია (ქიაჩელი) აირჩიეს, მაგრამ 1920 წლის მაისის ბოლოს თავმჯდომარე ვლადიმერ ვეკუა გახდა.
1920 წლის 26 მაისს ზუგდიდში საქრთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის დღე დიდი ზარ–ზეიმით აღინიშნა. მანიფესტაცია 12 საათზე დაიწყო, პროცესია გაიმართა ქალაქში. მათ წინ მიუძღოდათ დამოუკიდებლობის ემბლემა–თეთრ ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგი შუბით და ფარით. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ზუგდიდის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ვლადიმერ ვეკუამ, მან ამ დღესასწაულის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და მოსახლეობას მიულოცა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღშენება. ქალაქის შუაგულში მდებარე მინდორზე გაიმართა სახალხო ცეკვა–თამაშები და საყოვლთაო ზეიმი, თუმცა ეს ბოლშევიკების დიდ გაღიზიანებას იწვევდა და ზუგდიდს, მათი მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ნეგატიური მნიშვნელობით ,,ნაციონალიზმის ბუდეს’’ უწოდებდნენ. სულ მალე საქართველოს დამოუკიდებლობას წერტილი დაუსვა წითელი რუსეთის არმიის დაუფარავმა აგრესიამ, რომლის აქტიური ხელშემწყობნი ქართველი ბოლშევიკები იყვნენ. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში XI და დასავლეთის მხრიდან, აფხაზეთში IX არმია შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა თბილისი აიღეს და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. IX არმიის ნაწილებმა 9 მარტს ზუგდიდი აიღო და მიტინგზე ძალით შეკრებილ ხალხს, ხელოსან კინტირია ლუკავას ორსართულიანი სახლის აივნიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ ამცნო. 1924 წელს საქართველოში ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ე.წ. ,,დამოუკიდებლობის კომიტეტმა’’ (დამკომი) მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, შეძლო ბოლშევიკების განდევნა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის დამარცხებამ ადეკვატურად ზუგდიდში სავალალო შედეგი მოიტანა. კომუნისტური ტერორის შედეგად მრავალი თვალსაჩინო ინტელიგენტი და საზოგადო მოღვაწე დახვრეტილ იქნა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და ახლო–მახლო მიმდებარე ტერიტორია დახვრეტილთა გვამებით მოიფინა. ამას, თან დაერთო ბოლშევიკების გამოგონილი ბრალდებებით გამოწვეული ტერორი–,,განკულაკება’’, ,,პოლიტიკურად არასანდო ელემენტების ლიკვიდაცია’’ და ა.შ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1930 წელს ზუგდიდის მაზრა გაუქმდა და მის ტერიტორიაზე შეიქმნა ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონები. 1930 წელს გამოცემულ ,,საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფის’’ მიხედვით (ასახავს 1924 წლის ვითარებას), ზუგდიდის რაიონში 18 სასოფლო საბჭო გაერთიანდა: აბასთუმნის, ანაკლიის, დარჩელის, დიდინეძის, სოფ. ზუგდიდის (ცენტრი–ქ. ზუგდიდი), კახათის, კოკის, კორცხელის, ნარაზენის, ნიკოსიის (შედიოდა: ნაწულუკუ, ნიკოსია, რუხი), ორულუ–ერგეტის, ოქტომბრის (ცაიშის კახათის), ტყაია–ბეჟაშღალის, ქ. ზუგდიდის (ცენტრი–ქ. ზუგდიდი), ყულიშკარის, ცაიშის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის. ამ პერიოდში ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 11999 კომლს (54462 სული). ზუგდიდი გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. ლევან II დადიანის კარზე მოღვაწეობდნენ ცნობილი მხატვრები, ოქრომქანდაკებლები, კალიგრაფები. ამ პეროიდში შექმნილმა საოქრომჭედლო სახელოსნოს ათობით ნაწარმა, მათ შორის უნიკალურმა ხატებმა მოაღწია დღემდე და საქართველოს ხელოვნებისა და ზუგდიდის მუზეუმების ფონდსაცავებშია დაცული. სწორედ ლევან II დადიანის კარზე ტყვეობისას გადაწერა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ცნობილი ნუსხა მამუკა თავაქალიშვილმა. ზუგდიდში მოღვაწეობდა XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის პირველი მესამედის თვალსაჩინო ისტორიკოსი, გრამატიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ნიკო დადიანი, რომლის კალამს ეკუთვნის რამოდენიმე ქადაგება.
1868 წელს ზუგდიდში დაარსდა პირველი სკოლა, ამავე წელს დაიწყო ზუგდიდის თეატრალური ცხოვრებაც–ზუგდიდელმა სცენისმოყვარეებმა გამართეს პირველი წარმოდგენა. პირველი ბიბლიოთეკა–სამკითხველო კი ზუგდიდში XIX საუკუნის 80–იანი წლების შუა ხანებში დაარსდა სახელოვანი პატრიოტის სპირიდონ ნორაკიძის დიდი ძალისხმევითა და მონდომებით. XIX საუკუნის შუა ხანებში ზუგდიდში მოღვაწეობდნენ სახელოვანი ქართველი მწერლები–დიმიტრი ყიფიანი, ანტონ ფურცელაძე, რაფიელ ერისთავი. სწორედ რაფიელ ერისთავის თაოსნობით გაშენდა ზუგდიდის ცნობილი ჭადრების ხეივანი. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედისა და XX საუკუნის დამდეგს ამშვენებდა მისი სახელოვანი შვილი – იონა მეუნარგია. რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ გამოჩენილი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვ. დადიანების სასახლე ამ დროსაც წარმოადგენდა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა თავშესაყარს. დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის მეგობარი, ცნობილი ავსტრიელი მწერალი ქალი, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტა კინსკი–ზუტნერი და მისი მეუღლე, მწერალი გუნდაკარ ზუტნერი თითქმის 5 წელი ცხოვრობდნენ ზუგდიდში. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ნაწარმოების ფრანგულად თარგმნაში. ქ. ზუგდიდი ცნობილია დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმით, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის აკაკი ჭანტურიას თაოსნობით დაარსდა დადიანთა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. აქვეა გამოფენილი სამეგრელოს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები, უცხოელ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქართველ მწერალთა ხელნაწერები, საარქივო მასალები, დავით დადიანის სიძის–აშილ მიურატის მიერ ჩამოტანილი წიგნადი ფონდი. სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდში ეს მუზეუმი არაერთგზის გაიძარცვა, დაიკარგა მნიშვნელოვანი ექსპონატები. ზუგდიდში დაცული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და კულტურული მემვიდრეობის კერებიდან აღსანიშნავია ზუგდიდის დადიანების სასახლეებთან არსებული დეკორატიული ბოტანიკური ბაღი, მისი გაშენების საწყის პერიოდად უნდა ჩაითვალოს სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანის დრო მე–18–ე საუკუნის ბოლო და მე–19–ე საუკუნის დასაწყისი. მთავრინა ეკატერინე ჭავჭავაძის ინიციატივით საჭირო თესლეული და ხეების ნერგები საფრანგეთის მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან გამოიწერეს (ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა ქ. ტრიესტიდან მებაღე ჟოზეფ ბაბინი). ბაღი გარდაიქმნა ევროპული დეკორატიული ბაღის ე.წ.–ფრანგულ სიმეტრიულ სტილზე. მოეწყო პირველი სანერგე, ორანჟერეა, ჩამოყალიბდა ხელოვნური პეიზაჟები, ყვავილებისა და გაზონების ურთიერთშეხამებით. ტაძრებიდან გამოსარჩევია ცაიშის სამონასტრო კომპლექსი, მაცხოვრისკარის ეკლესია, კორცხელის მონასტერი, დადიანების სასახლესთან არსებული კარის ეკლესია და სხვ. ზუგდიდი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ის საუნივერსიტეტო ქალაქად იქცა, რამაც გამოაცოცხლა კულტურულ–საგანმანათლებო ცხოვრება. ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მოიცავს 1 ქალაქს (ქ. ზუგდიდი-ქალაქად პირობითად იწოდება, ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია), 30 ტერიტორიულ ორგანოს (მასში შემავალი 58 სოფლით). ესენია: აბასთუმანი (სოფლები–მენჯი, ხეცერა) ანაკლია (სოფ. თიქორი), ახალაბასთუმანი, ახალკახათი, ახალსოფელი (სოფ. ოფაჩხაფუ, უჩაშონა, ჯუმი), განმუხური, გრიგოლიში (ალერტკარი), დარჩელი (სოფ. კიროვი), დიდინეძი (სოფ. დიდი ნეძის კახათი, დიხაგუძუბა), ერგეტა (სოფ. ცვანე), ინგირი (სოფ. ოირემე), კახათი, კოკი (სოფ. ხურჩა), კორცხელი (სოფლები–ნაცატუ, ბაში), ნარაზენი (საბეჭვაიო, შამადალა), ოდიში (ისტორიული ლედგებიე–სოფლები: ჩხოუში, საჭურღულიო), ორსანტია, ორულუ (მოგირი, ნაჭკადუ), ოქტომბერი (დავითიანი), ყულიშკარი, რიყე, რუხი (ნაწულუკუ), ურთა, შამგონა, ჩხორია (ზედაეწერი, ტყაია), ცაიში (ჩხოუში, ცაცხვი), ჭაქვინჯი (ბაღმარანი), ჭკადუაში, ჭითაწყარი, ჯიხაშკარი (ფალაზონი), ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის ნაკრძალი. ქ. ზუგდიდი არის ზუგდიდ–ცაიშის ეპარქიის ცენტრი.