ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში (ფართობი–692 კვ.კმ), მისი დასავლეთი საზღვარი გაუყვება შავი ზღვის სანაპიროს (განმუხური, ანაკლია), ჩრდილო–დასავლეთით აფხაზეთის ადმინისტრაციული ზოლი (გალის რაიონი), ჩრდილოეთით და ჩრდილო–აღმოსავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, აღმოსავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სამხრეთით კი, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები ესაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ქ. ზუგდიდი, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ასევე სამეგრელო ზემო–სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტექტონიკური დარაიონების სქემის მიხედვით შედის საქართველოს ბელტის დასავლეთი დაძირვის ზონის კოლხეთის ქვეზონაში. გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით შედგება სამი ნაწილისგან: 1. ბრტყელი ზედაპირის მქონე აკუმულაციური ოდიშის დაბლობი (მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დას. და სამხ. დას. ნაწილი შავ ზღვამდე), 2. დახრილი ვაკე–ოდიშის პლატო (მუნიცპალიტეტის აღმ. და ჩრდ.–აღმ ნაწილი დასერილი მდინარეებისა და ხეობების ქსელით), 3. მთისწინეთის წვრილმთიანეთი და ურთის მთა (ხობის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, სიმაღლე 469 მ.), რომლის ჩრდილოეთი კალთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაშია მოქცეული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ლანდშაფტურად შემდეგნაირად იყოფა 1. დაჭაობებული ვაკე–დაბლობი; 2. ჭალები; 3. დაბალი ვაკე–დაბლობი; 4. ბორცვიანი მთისწინეთი; 5. კარსტული სერი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული, ვაკე–დაბლობი და გორაკ–ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰავის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვის სიახლოვე. მაღალი რადიაციული ბალანსი მაღალ თერმულ რეჟიმს განაპირობებს. ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა ხმელეთის ზედაპირთან ახლოს 14 გრადუსს აღემატება. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ტემპერატურა ვაკე ნაწილში დადებითია და ამ დროს საშუალოდ 6 – 7 გრადუსს უდრის , მაღლობ ნაწილში კი უარყოფითია. ყველაზე თბილი თვეები ივლისი და აგვისტოა, საშუალო თვიური ტემპერატურა 22 გრადუსს აღემატება.

ჰაერის ტემპერატურის საშუალო აბსოლიტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპირო ზოლში 34–36 გრადუსს უდრის, ვაკე–დაბლობზე 38 გრადუსამდე იზრდება.

ზღვიდან მონაბერი ნოტიო ჰაერის მასები მთელი წლის განმავლობაში განაპირობებს ჰაერის მაღალ სინოტივეს. წყლის ორთქლის პარციალური წნევა მაღალია შავი ზღვის ზოლში. აქ მისი საშუალო წლიური მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 14 ჰპა–ს, იანვარში 6–7 ჰპა–ს, ხოლო ივლისში 22 ჰპა–ს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მაღალი ღრუბლიანობითა და უხვნალექიანობით გამოირჩევა, საერთო ღრუბლიანობა 60–70 %–ის საზღვრებში მერყეობს წლის განმავლობაში, ხოლო ქვედა იარუსის ღრუბლიანობა 40–35%–ს აღწევს. ღრუბლიანობის მაქსიმუმი წლიურ სვლაში ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში აღინიშნება, ხოლო მინიმუმი შემოდგომაზე. ნალექების წლიური ჯამი 1400–3000 მმ.–ის საზღვრებში ცვალებადობს.

ხმელეთის არათანაბარი გათბობა, მთიანი რელიეფის არსებობა და შედარებით თბილი შავი ზღვის სიახლოვე განაპირობებს სხვადასხვა მიმართულებისა და სიძლიერის ქარების წარმოქმნას. წლის ცივ სეზონში აღმოსავლეთის ქარებია გაბატონებული, თბილ სეზონში კი დასავლეთის (ზღვიური) ქარები ჭარბობს. ნისლიან ამინდთა დღეების რაოდენობა 10–დან 50–მდე მერყეობს, საშუალოდ 30–40–მდეა ელჭექიანი დღე.

სანაპირო ზოლის საკურორტო ქვეზონის ძირითად სამკურნალო პირობებს წარმოადგენს ზღვა, ზღვიური ჰაერი, მასში არსებული ზღვიური წარმოშობის ქიმიური მიკროელემენტები და მზის სხივების სიუხვე. ეს პირობები წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული გულ–სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ, ამ ქვეზონაში მდებარეობს ანაკლია.

ვაკე–დაბლობის ნოტიო და ზომიერად ნოტიო საკურორტო ქვეზონაში ბალნეოლოგიური პროფილის კურორტია ცაიში, აქვე გამოვლენილია ბალნეოკლიმატური (ჭკადუაში), ასევე კლიმატური (ურთა, ჯიხაშკარი) პროფილის პერსპექტიული საკურორტო ადგილები.
აგროკლიმატური პირობები მეტად ხელსაყრელია მრავალდარგოვანი და მაღალრენტაბელური სასოფლო–სამეურნეო წარმოების შექმნისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი დარგების განვითარებისათვის, როგორიცაა მესიმინდეობა, მეჩაიეობა, სუბტროპიკული კულტურების წარმოება (ციტრუსები, დაფნა, კივი, ფეიხოა და სხვ.), ხეხილის, ერთწლიანი მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის წყლის ობიექტებიდან მრავლად არის მდინარეები, ჭაობები და წყაროები, რომლებიც უხსოვარი დროიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო და სამიმოსვლო ურთიერთობაში. დიდი მდინარეებიდან გამოსარჩევია ენგური და ჯუმი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, როგორც კოლხეთის ბოტანიკური პროვინციის ნაწილი, მოიცავს დაბლობისა და მთისწინეთის ტყეების რაიონებს, რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლის სილნარ–ქვიშნარი მცენარეულობის რაიონს, იგი ხმელთაშუაზღვეთის ოლქის ევქინურ მონაკვეთს მიეკუთვნება. დაბლობისა და მთისწინეთის ტყეების რაიონის მცენარეულობის ძირითადი ტიპებია ტყეები, წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. უდიდეს ნაწილზე ტყის მცენარეულობა მეორადი ტიპების–გამეჩხერებული ტყეებისა და ბუჩქნარების სახით არით წარმოდგენილი, დაბლობისა და მთისწინეთის რაიონებში ტყის ძირითადი ფორმაციებია–მურყნარები, მუხნარები, ჯაგრცხილნარი–მუხნარები და ჯაგცხილნარები, რცხილნარები, წაბლნარები და წიფლნარები.

რაც შეეხება ცხოველთა სამყაროს, ეს ტერიტორია ბიოგეოგრაფიული არეალის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია და ცხოველთა სამყაროს სიმდიდრითა და ნაირგვარობით გამოირჩევა, ასევე აქ რეგისტრირებულია 225–ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთა შორის დიდია მიგრანტების რიცხვი.

  მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება–დასახლებულობა უშუალოდ დაკავშირებულია მისი მიწების სამეურნეო ათვისების პირობებსა და შესაძლებლობებთან, ამავე დროს საკუთრივ ქალაქ ზუგდიდის, როგორც შემკრები ცენტრის მზარდ განვითარებასთან. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდი დევნილი მოსახლეობის კომპაქტური ჩასახლების მხრივ ყველაზე დიდი ცენტრია თბილისის შემდეგ. ამასთან მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივ ქ. ზუგდიდი სამეგრელოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.