ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

გზშ და სგშ განცხადებები

14 ივლისი, 2020

 

 

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა“

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა”

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქ. ზუგდიდი

 

საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2020 წლის 3 სექტემბერი ქ. ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი, 12 საათი

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ნაწილი - ამავე კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ  პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსით განსაზღვრულ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომუნიკაციები, ტურიზმი, დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა) და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №2-389 ბრძანების საფუძველზე გაიცა „ქალაქ ზუგდიდის გენერალურ გეგმაზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა“.

2020 წლის 8 ივლისის N01/2336 წერილით სამინისტროში წარმოდგენილ იქნა  „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის“ პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში  და „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის” პროექტი, რის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოებები რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშსა და ზუგდიდის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 3 სექტემბერს, 12 საათზე  ქ. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით.  მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების/დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

 

წარმოდგენილ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე